ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინა წლებთან შედარებით ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ტენდენცია მზარდია

2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ტენდეცია წინა წლებთან შედარებით მზარდია. ამ პერიოდში დაახლოებით 40-42 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული, – ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაავრცელა.

კომიტეტზე „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს ისმენენ.

„ზოგადად, ძალადობის მიმართ მზარდი ტენდენცია არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობრივად იზრდება, არამედ გამოვლენები არის მზარდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფაქტი არის ცნობილი დღეს. 2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში 40-42 „ქეისი“ იყო იდენტიფიცირებული ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებისა და წინა წლებთან შედარებით ეს არის მზარდი ტენდენცია. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ეფექტურები გავხდით პრობლემის იდენტიფიცირებაში. ამასთან, არც ერთი იდენტიფიცირებული მსხვერპლი არ დარჩენილა სათანადო ყურადღების გარეშე“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იდენტიფიცირებული, ისევე, როგორც ადგილი არ ჰქონია მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების შრომით ექსპლუატაციას.

იტვირთბა....