თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები შენობის მდგრადობასთან და ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით დაისვა. თბილისის მერის მოადგილეებმა მათ დოკუმენტაცია, კერძოდ ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც შენობის მდგრადობა დასტურდება.
„წარვუდგინეთ დოკუმენტაცია , ექსპერტიზის დასკვნები , სადაც დასტურდება, რომ შენობის მდგრადობა და უსაფრთხოება აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას , რომ მოსახლეობა აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდეს. ამასთან ერთად ვიტყვით იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ კორპუსის სრული სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშოები“,- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მერიაში შესვლას და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვდა. მათი მოთხოვნაა, დაზიანებულ კორპუსს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდეს.