ამას უნდა მიხედოს საქართველოს სახელმწიფომ რომელსაც სპეცსამსახურები მხოლოდ იმიტომ არ ჰყავს რომ ოპოზიციას უთვალთვალოს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე.
როგორც შარაშენიძე წერს, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებს ევროპარლამენტარები ვერ უშველიან.
“რუსეთთან დიალოგის დალაგება კარგი საქმე იყო. მაგრამ რა აუცილებელი იყო ამის პარალელურად ჩვენი სპეცსამსახურების საქმიანობის ჩაკვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
განა საკმარისი არ იყო რუსული ტელეარხების ხელახალი ჩართვა და რუსი შპიონების ტაშ-ფანდურით გამოშვება?
ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეს ვერ უშველიან ევროპარლამენტარები. ვერც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უშველის.
ამას უნდა მიხედოს საქართველოს სახელმწიფომ რომელსაც სპეცსამსახურები მხოლოდ იმიტომ არ ჰყავს რომ ოპოზიციას უთვალთვალოს. ეს არ უნდა ხდებოდეს თუკი დემოკრატიულობაზე აქვს ქვეყანას პრეტენზია. ეს არ უნდა ხდებოდეს როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია.
მიხედეთ საქმეს სანამ ჯერ კიდევ არის დრო. ის ქრონიკულად მთვრალი მინისტრი კი გადამალეთ მაინც”, – წერს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას, 30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.