სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის ირმა თხელიძის თქმით, მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი. ისინი ითხოვენ, რომ პრემიერმა პროკურატურიდან საქმის მასალები გამოითხოვოს და გაეცნოს.
კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების უფროსს მამუკა ასათიანს რამდენიმე საათის წინ შეხვდნენ. მანამდე კი დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
მანამდე, გურამ რჩეულიშვილი ამბობდა, რომ 35 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართის ასაშენებლად, M2-თან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და დაზარალებულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა. გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.