იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას გაერო-ს კომიტეტმა შეატყობინა, რომ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ეთხოვება, რომ სანამ თავად არ განიხილავენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავონ.
წულუკიანი ამბობს, რომ ამ წერილის შესახებ, როგორც საქართველოს პროკურაატტურას ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეატყობინეს. თუმცა მინისტრის განცხადებით, სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში, საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
„იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახური საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში, როგორიც არის გაერო-ს წამების წინააღმდეგ კომიტეტი. კომიტეტმა შეგვატყობინა, რომ მათ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოსა და მის სტრუქტურებს ეთხოვათ, მანამ სანამ თავად არ განიხილავენ თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, საქართველომ მისი თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავოს.
რაკი თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ამ საქმეს, გუშინ უკვე შევატყობინეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ წერილის შესახებ და ასევე შევატყობინეთ საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
ამ ეტაპზე, სულ ეს არის და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში, საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა წულუკიანმა.