ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამწვარი “თერგის” ადმინისტრაცია: “ბაზრის მოვაჭრეები შეღავათებით ისარგებლებენ”

წუხელ, ნუცუბიძეზე  დამწვარი სავაჭრო ცენტრის  “თერგის“  ხელმძღვანელობა დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება. სავაჭრო ცენტრის მფლობელის ადვოკატის განცხადებით, ხანძრის შედეგად  5000 კვ.მ ფართობი დაიწვა. გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ ამოღებულია კამერების ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდება, რამ გამოიწვია ხანძარი.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ადვოკატი ამაზე საუბარს ნაადრევს უწოდებს და ამბობს, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავი უნდა შევიკავოთ.  ადვოკატის განცხადებით, ბაზრობა დაზღვეული არ ყოფილა, მისი თქმით, დაზღვევა პირველი მარტიდან უნდა გამხდარიყო სავალდებულო.

“უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი შენობა, მანამდე დაზარალებულები გადანაწილდებიან სხვა ბაზრობებზე და მიიღებენ სავაჭრო ადგილებს შეღავათიანი პირობებით და მას შემდეგ, რაც აღდგენილი იქნება შენობა იქაც ისარგებლებენ შეღავათებით,“-აცხადებს კვერენჩხილაძე.

რაც შეეხება ხანძარს, ამ დროისთვის სამაშველო ბრიგადების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და გადაკეტილი გზის ნაწილიც გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეებს დაუზიანებელ ნაწილში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ და ისინი საკუთარი ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ.

დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, შპს “თერგის” მეორე და პირველ სართულებზე საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა.

მანამდე თერგის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერი შეხვდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისი საქონელიც გადარჩა, ის მოვაჭრეები დროებით გვერდით ფართებში შეძლებენ მუშაობას.

ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.

 

იტვირთბა....