საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განხადებით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერი მოქალაქეებმა თაობებს არ შეუქმნან პრობლემა და არ შეექმნას საფრთხე უვიზო რეჟიმს. ამის შესახებ მინისტრმა უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი აპლიკაციაც, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შენგენის აპლიკაციას გმოიყენებს არაერთი ახალგაზრდა და არამხოლოდ იმისთვის, რომ მათ მოგზაურობის დღეების რაოდეონობა არ დაარღვიონ. ყველამ კარგად იცით, ეს არის 180-დღიან პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ 90 დღე და არც ერთი საათით მეტი.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმის პირობები.
„მართალია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იყო და მათი ჩართულობით ეს აპლიკაცია გაკეთდა, გვეუბნება, რომ დღესდღეისობით არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელიც ამ რეჟიმს არღვევს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ არღვევდნენ ევროპული ქვეყნების კანონს იმისთვის, რომ თითზე ჩამოსათვლელმა არაკეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა წულუკიანმა.