ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიამ ნარიყალაზე უკანონო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დააჯარიმა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის კომპანია დააჯარიმა, რომელიც ნარიყალაზე სამუშაოებს აწარმოებდა. ჯარიმა 8 000 ლარს შეადგენს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები და კულტურის სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით და გაარკვევს, იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. მერი ასევე ამბობს, რომ ეს ადგილი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და ასეთი დამოკიდებულება კი არასწორია.

“ძალიან დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია იქ არსებულმა მდგომარეობამ სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა, მერიის უკმაყოფილებაც მოჰყვა ამას. ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა იქ სამუშაოები, თითქოს არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ამის ნებართვა არ ჰქონდათ იქ მომუშავე ადამიანებს და კომპანიას. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ეს კონკრეტული კომპანია, თუმცა მგონია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისი სამსახურები და კულტურის სამინისტრო აუცილებლად დაინტერესდება და ნახავთ თუ არის მართლაც ამ მიმართულებით დანაშაული, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქისთვის და ასეთი დამოკიდებულება არასწორია”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ინფორმაცია, რომ ნარიყალაზე, ფერდობზე კომპანია მძიმე ტექნიკის თანხლებით “არქეოლოგიურ” სამუშაოებს აწარმოებდა, 23 თებერვალს გავრცელდა.

იტვირთბა....