ერგნეთში გამართული რიგგარეშე შეხვედრას, რომლიც უშედეგოდ დასრულდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დროის გაყვანას ცდილობს და სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. ოსური მხარე ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გარკვეული ფაქტების დაფარვას ცდილობს.
“ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები არის ძალიან ბუნდოვანი, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია, ის, რომ ისინი იქნენ გათავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება,“- აცხადებს ციხელაშვილი.
ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს ქართულ მხარეს არ გადმოსცემენ.
თუმცა, ქემოკლიძემ იქვე განაცხადა, რომ დღის ბოლომდე კვლავ ეცდებიან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე უარი განაცხადა