უცხოენოვან წარწერებთან დაკავშირებით ყურადღებას ვამკაცრებთ და ვაპირებთ ცვლილებებს სანქციასთან მიმართებაში, – ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, რომელიც თბილისის მერთან ერთად ახვლედიანის ქუჩაზე უცხოური წარწერების მქონე ობიექტები დაათვალიერა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გიორგი ბაგრატიონის თქმით, რეკლამის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ყველა ქუჩაზე არიან დაჯარიმებულები.
“ყველა ქუჩაზე არიან დაჯარიმებულები, რომლებიც რეკლამის შესახებ კანონს არღვევენ. ჩვენ ვამკაცრებთ ამ მიმართულებით ყურადღებას, ვაპირებთ ცვლილებებს სანქციათა მიმართებით. მინდა ყველას მივმართო, დაიცვან ის, რაც არის კანონით განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ის ობიექტი, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, დაჯარიმდება კანონის ფარგლებში.
ყოველდღიურად ვახორციელებთ ზედამხედველობას. ჩვენი რაიონის თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დადიან და აკონტროლებენ ყველა მიმართულებით, რაზეც ზედამხედველობის სამსახურს აქვს ვალდებულება, ეს იქნება მშენებლობა თუ სხვა მიმართულება. დარღვევას გააჩნია, კანონში არის სხვადასხვა საჯარიმო თანხები გათვალისწინებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავზარდოთ და გავამკაცროთ საჯარიმო სანქციები. კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, დაიცვან ქართული ენა და ის კანონი, რომელიც აუცილებელია, რომ ყველამ უნდა დაიცვას“, – განაცხადა ბაგრატიონმა.
მისი თქმით, მას გაუჭირდება კონკრეტული ციფრის დასახელება თუ რამდენი ობიექტია დაჯარიმებული, თუმცა არსებულ სტატისტიკაზე მოუთითა.
“კონკრეტული ციფრი, თუ რამდენია დაჯარიმებული, ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობს ამის სტატისტიკაც. დაჯარიმებული გვყავს ჩვენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არღვევენ რეკლამის შესახებ კანონს“, – განაცხადა ბაგრატიონმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახვლედიანის ქუჩაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას თბილისის მერია ყურადღებას მიაქცევს.
აღსანიშნავია, რომ პარტია “თავისუფალი საქართველო” თბილისში სხვადასხვა სამშენებლო და კომერციულ ობიექტზე, ასევე სარეკლამო აბრებზე წარწერების მხოლოდ უცხოურ ენაზე განთავსებას აპროტესტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევაა და ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც აცნობეს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი