ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალგორის გამგებელი ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს

ახალგორის გამგებელმა მუგზარ მათიკაშვილმა დღეს ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა. გამგებელი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

„ტერიტორიული მთლიანობა რომ დაირღვა, ამის ბრალეულობა თავიდან ბოლომდე ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას. 2006 წელს სააკაშვილი და პუტინი შეხვდნენ სოჭში ერთმანეთს და მაშინ მიიღო სააკაშვილმა პუტინისგან დავალება, რომ გაემთლიანებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები და აღედგინა იმ საზღვრებში, რომელიც კომუნისტების დროს იყო. ეს მან პირნათლად შეასრულა. 2006 წელს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც იყო მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში და ის უბედურება, რაც ტრიალებს სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგია. დღეს იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომელი პიჯაკი იყიდა და ამაზე კი არ უნდა ვთხოვდეთ პასუხს, ქვეყნის დანგრევაზე და განადგურებაზე. აი, ამ ადამიანების სისხლზე უნდა აგებდეს ის პასუხს“, – აღნიშნავს ახალგორის გამგებელი.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობისთვის კითხვის დასმა და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა და ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ყველა უბედურება, რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს, ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს რომ გაიყვნენ და სხვადასხვა პარტიები შექმნეს, ეს ადამიანები ყველა ტაშს უკრავდა მაშინ და ყველა არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“, – განუცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

რაც შეეხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ამასთან დაკავშირებით გამგებელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია გადმოსვენება დღეს ვერ მოხერხდეს, ასევე იგი ამბობს, რომ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები.

„მათ არც კანონი, არც სამართალი, არც სიტყვის დაცვა არ სჩვევიათ, ამიტომ, შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს გადმოსვენება. ბუნებრივია, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ისინი შეუშვებდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ რა სურათიც არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არის სასტიკად ნაწამები და წამებით მოკლული“, – აცხადებს ახალგორის გამგებელი.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

„მათ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ინფორმაცია, თუ ისინი რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში არიან, ნამდვილად არ გვაქვს. კომუნიკაცია მათთან არ იყო“, – აღნიშნავს თინიკაშვილი.

ცნოისთვის,  არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასთანერთად გაიტაცეს ტატუნაშვილის ორი თანასოფლელიც.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....