ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

მოკლული ჟურნალისტის გიორგი სანაიას ოჯახი, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე, მოუწოდებს პროკურატურას დაიწყოს ხელახალი გამოძიება.

გარდაცვლილის ძმის ვახო სანაიას ცნობით, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების შემდგომ ოჯახს არავინ დაკავშირებია, იგი ითხოვს დაიკითხოს ყველა ის პირი ვინც ფიგურირებს ციხისთავის განცხადებაში. ვახო სანაიას თქმით, ოჯახი აპირებს პროკურატურას ოფიციალურად, წერილობით მიმართოს.

“როგორც მკვლელობის პირველივე დღიდან, ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ამას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები.

ტელეეთერით ციხიდან მოვისმინეთ კოტე ციხისთავის განცხადება. ის საუბრობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის, კასეტასთან დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მან დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებელი იყოს შოთა ჭიჭიაშვილი.

ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას.

პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ. ჩვენ მივაწვდით სატელევიზიო ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. P.S.-ს ნომერ პირველ ტერორისტად, ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია ციხისთავის მტკიცებით შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს.

წყარო:”ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....