ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის გამოკითხვა პროკურატურაში დასრულდა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩაბუქის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ პროკურატურაში შესაბამისი დოკუმენტები წარადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ ჩაბუქს და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებათ.

როგორც ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე განმარტავს, საფრთხეში შესაძლოა იგულისხმებოდეს სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ემრე ჩაბუქს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასვამენ.

ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველები საქართველოს მთავარ პროკურორს, ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის  დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართავენ.

თურქეთის ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მთავარ პროკურორს სთხოვა გამოიჩინოს გულისხმიერება და ის ოჯახთან ერთად სპეციალურ პროგრამაში ჩართოს.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს. მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

ჩაბუქს 19 თებერვალს​, წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

იტვირთბა....