ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯანელიძე: “მოვითხოვთ, გადმოგვეცეს გარდაცვლილის ცხედარი”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. ჯანელიძის თქმით, ამოქმედებულია ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ასევე მისი თქმით გრძელდება მუშაობა რომ შეიქმნას საერთაშორისო, ჰუმანიტარული, ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები.

”ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვცადეთ ძალიან მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის. აღნიშნული ფაქტის გაგებისთანავე მივმართეთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ, გადმოგვეცეს გარდაცვლილის ცხედარი. ასევე შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმას, რომ მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება. აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რომ შეიქმნას საერთაშრისო, ჰუმანიტარული, ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა საერთაშორისო მექანიზმების შექმნა”, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც მოითხოვა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....