მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.ადვოკატი სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დაკითხვა უკავშირდება ჩაბუქის მიერ მისი ოჯახის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნას.
ჩაბუქმა და მისმა ადვოკატმა პროკურატურას დღეს მიმართეს.
რამდენიმე თვის წინ, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს. მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
ჩაბუქს 19 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.