სულხან მოლაშვილის მამა, მალხაზ მოლაშვილი, მისი შვილის საქმის მოსამართლის უვადო მოსამართლედ გამწესებას ეხმაურება. მისი თქმით, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის მიერ გამოტანილი განაჩენები “ენით აღუწერელი ცინიზმია”. მოლაშვილის მამის განცხადებით, მოსამართლეს პროკურორი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდა და არასდროს უფიქრია, რომ უდანაშაულო ადამიანს ფატქიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, ეს ადამიანი მისგან ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს.
“არ დამავიწყდება, ადვოკატები, სოსო ბარათაშვილი და შალვა შავგულიძე, როცა ეუბნებოდნენ, ალტერნატივა არსებობს და დაკითხეთ კონკრეტული პირებიო, მას მსგავსი რამ არ გაუკეთებია. მანუჩარ კაპანაძეს ცინიკური საქციელის გარდა არაფერი გაუკეთებია. სულხან მოლაშვილის ოჯახი ძალიან დაბეჩავებული იყო, რადგან ძალაუფლება მათ ხელში იყო, პროკურორები რასაც ეტყოდნენ იმას აკეთებდნენ. სადღაც საცოდავიც იყო ეგ, კაცობის, კანონის გარეშე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, ისე მიჰყავდა პროცესი, რომ ზიზღის მეტს არაფერს იწვევდა”- განაცხადა სულხან მოლაშვილის მამამ.
მალხაზ მოლაშვილი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“მარტო ჩემს შვილზე არ ვსაუბრობ, ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცის, სტრასბურგმა უთხრა, 4 დარგში გაამართლა სულხანი, ნუთუ იურისტი რომ ხარ, გონება რომ გაქვს, ვერ უნდა გაიგო რომ მართალი არ ხარ?! და მათ ხელს უწევს იუსტიციის საბჭო”- განუცხადა “ტვ. პირველს” მალხაზ მოლაშვილმა.
მოლაშვილის მამა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი ის არის რა მოხდება გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ.
“ნუთუ, პრემიერ-მინისტრი რომ ამას იტყვის, ამას თავისი შედეგი არ უნდა მოჰყვეს? და თუ შედეგი არ მოჰყვება, ჩვენი საქმე წასულია. ამ ხალხის დანიშვნა, ხომ უმაღლესმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს? კეთილი ინებონ და გამოიგონონ ისეთი კანონი ასეთ მოსამართლეებს კუდით ქვას ასროლინებს. საქართველოში მართლმსაჯულება მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს”- აღნიშნა მოლაშვილმა.
მისივე შეფასებით, “ასეთ მოსამართლეებს არამარტო კანონის წინაშე, არამედ ღმერთის წინაშე აქვთ დანაშაული ჩადენილი”.
მალხაზ მოლაშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ პრემიერის განცხადებას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.
“მას შემდეგ, რაც შვილი არ მყავს ცოცხალი პესიმიზმში ვარ. გულით მინდა რომ ვითარება შეიცვალოს, მაგრამ არ მჯერა. კეთილი ინებოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, გნებავთ პრემიერმა, ერთი აზრი შეკრან და თქვან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება უნდა იყოს ასეთი. ნებაა მხოლოდ საჭირო, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. მარტო რომ ვიძახოთ, საქმე კი არავინ აკეთოს და სხვას გადავაბრალოთ ასე არა. ერთი, მეორე და მესამე შეკავშირდნენ და ხალხის გასახარად გააკეთონ ის რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს”- თქვა “ტვ.პირველის” ეთეში მალხაზ მოლაშვილმა.