დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტს პლენარულს სხდმაზე, “ევროპული საქართველოს“ წევრების მისამართით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ვერ ენდობა მუხთარლის სიტყვებს, რომელიც ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელ განცხადებებს აკეთებს , პაპუაშვილი „ევროპულ საქართველოსაც“ აკრიტიკებს და ნდობას არ უცხადებს. დეპუტატი ვერ ხედავს პრობლემას თუ რატომ არ უნდა ენდოს სასამართლოს.
პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიას კითხვით მიმართა, აქვს თუ არა მორალური და ზნეობრივი უფლება, პარლამენტის ტრიბუნასთან იდგეს და მუხთარლის საქმეზე კითხვებს სვამდეს. პაპუაშვილმა ასევე იკითხა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სპეკულაციებისა და ქვეყნის ასარევად ხომ არ სჭირდებათ.
“არც თქვენი პოლიტიკური თუ საპარლამენტო ცხოვრების წესი, არც თქვენი საქმიანობა იმის უფლებას არ მაძლევს, რომ თქვენს განცხადებებს და თქვენს გულწრფელობას სერიოზულად შევხედო. რა საჭიროა კომისიის შექმნა, თუკი უკვე ყველაფერი იცით, თუ რომელი მანქანიდან რომელ მანქანაში გადასვეს და ასე შემდეგ… ყველაფერი უკვე გამოგიძიებიათ და მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობთ. ძალიან საყვარლად კი მოყევით, თურმე ჟურნალისტი პურის საყიდლად მიდიოდა და კაცმა რა დააშავა… ასე პურის საყიდლად, დროს სატარებლად, შეყვარებულებთან შესახვედრად მიდიოდნენ ის ახალგაზრდა ბიჭები ქუჩებში რომ ჩახოცეთ, მაგრამ მაშინ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგდომებიათ. რატომ უნდა ვენდო აფგან მუხთარლის სიტყვებს, რომელიც ჩემი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელ განცხადებებს აკეთებს და არ ვენდო გამოძიებას ან რატომ უნდა გენდოთ თქვენ – თქვენს ყალბ აღშფოთებასა და გულზე მჯიღის დაკვრას, – მიმართა უმცირესობას ზაზა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.