იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაითვალისწინებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და უვადოდ არ დანიშნავს იმ მოსამართლეებს, რომელთაც მიღებული აქვთ მძიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებები.
ანა დოლიძემ შეაფასა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რიგი მოსამართლეების უვადოდ განმწესება სასამართლო სისტემაში.
ანა დოლიძემ რამდენიმე საქმის მოსამართლეც გამოყო.
„ეს არის წყალგამყოფი, რის წინაშეც იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა მთლიანად. შესაძლებელია, რომ უვადოდ დაინიშნოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს. მათი ყოფნა ქართულ სასამართლო სისტემას შეუქმნის საფრთხეს, ასევე საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ მოსამართლეებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით და რომელზეც გაირკვა, რომ იყო მცდარი. აქ ვგულისხმობ თეთრაძის, მოლაშვილის, ასევე ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეებს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური დაკვეთის შედეგად გადაწყვეტილებები. ამ ადამიანების ყოფნა უვადოდ, დააზიანებს მათ პატიოსან და გამბედავ კოლეგების იმიჯს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ განმწესების მსურველ მოსამართლეთა კენჭისყრა უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, სულ წარდგენილია 50 მოსამართლე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15-მა წევრმა. თითოეულმა უვადოდ განმწესების მსურველმა მოსამართლემ, საბჭოს წევრი არანაკლებ 10 პირის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.