თემქაზე ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დაღუპული წუხელ სახლიდან გავიდა, რის შემდეგაც უკან აღარ დაბრუნებულა. დღეს დილით კი მისი ცხედარი იპოვეს.
მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახმა ამ ფაქტის გამო პოლიციას მიმართა. მათი თქმით, გოგო გარეთ ხალათით იყო გასული. მათ სხვა ინფორმაცია არ აქვს. ამ წუთებში გოგოს მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
“დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.