ავიაკომპანია Ryanair-თან 2019 წელს ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი არ მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენდებთან დაკავშირებით.
„Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულები ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც“, – აღნიშნა ალექსიძემ.
ავიაკომპანია Ryanair-ი დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. 2016 წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.