გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაცვის მხარის არგუმენტებზე, პრაქტიკულად არ უმსჯელია. აქედან გამომდინარე, ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გიორგი გიორგანაშვილს გაამართლებს. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
„სასამართლოს სააპელაციო საჩივრით გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გაუქმების და მის ნაცვლად ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით მივმართეთ. განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივად და არაჯეროვნად აქვს ნამსჯელი წარმოდგენილ არგუმენტებზე, დაცვის მხარის არგუმენტებზე კი, პრაქტიკულად, ყურადღება არ აქვს გამახვილებული და მათზე არ უმსჯელია. ასევე იგივე მოცემულობა გვაქვს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის. ჩვენ ყოველივე აღვწერეთ სააპელაციო საჩივარში. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენს გააუქმებს და მის ნაცვლად გამამართლებელ განაჩენს დააყენებს“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.