ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიშვილი: უმრავლესობის წევრებს გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით. მისი თქმით, მოლოდინი არსებობდა რომ შინაარსობრივი დისკუსია გაიმართებოდა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები გაიგზავნა, მოლოდინი გვქონდა, რომ შინაარსობრივი დისკუსია შედგებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, მთელი ამ დროსი განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოს ბრძოლის ველზე მიდიოდნენ და ერთმანეთს გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ ისინი, არამედ, რადგან ვეტო მარგველაშვილმა დაადო, მარგველაშვილის წინააღმდეგ საჭირო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება იყო.

კიდევ ერთხელ კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც საამაყოც კია, რადგან რაღაც მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით. როგორც ყოველთვის, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო.

პარლამენტში ჩემს მიერ გამოტანილი მოტივირებული შენიშვნები ეროვნულ ბანკს შეეხებოდა. მაშინ, მოტივირებული შენიშვნებით, თავიდან კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა ავიცილეთ. პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე არავის არასოდეს გარიგებია და არ გაურიგდება“, – დასძინა აბაშიშვილმა.

უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს.

იტვირთბა....