საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” საკუთარ ხელფასზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ფონდის მეხუთე დირექტორია და ყველაზე მცირე ხელფასი აქვს – 21 000 ლარი და ხელზე 16 000 ლარს იღებს.
“მეხუთე დირექტორი ვარ და ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო,ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო ხელფასი, ფორმირდება ჩვენი მოგებით.
ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში. ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში, ხუთივე ფაკულტეტზე, სტიპენდიაა ყველაზე მაღალი. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის. მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველთვე, ასევე ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის”, – განაცხადა საგანელიძემ.