ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “თურქეთის სპეცსამსახურებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე საჭიროზე მეტი გავლენა აქვთ”

ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა ევროსტანდარტისთვის მთლიანად ამოვარდნილი იქნება. თუ ეს მაინც მოხდა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ვექტორი ევროპისკენ არის, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნება, – განაცხადა ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის თურქეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხის  კომენტირებისას.

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა  განუცხადა, თუ ჩაბუქის პრეცენდენტი იქნება დაშვებული, მაშინ თურქეთი სხვების ექსტრადირებასაც მოითხოვს.

“ჩაბუქის საქმე ძალიან მძიმეა. მე რამდენადაც მისი ბიოგრაფია ვიცი, ის, ფაქტობრივად,  დიდი ასოებით არის საქართველოს მოქალაქე. მრავალი წლის განმავლობაში ის საქართველოში მუშაობდა და ამ ქვეყნის მიმართ დიდი ღვაწლი აქვს. აქედან გამომდინარე, მისი ექსტრადირების მორალური მხარე არის ძალიან მძიმე. გარდა ამისა, ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა ევროსტანდარტისთვის მთლიანად ამოვარდნილი იქნება. თუ ეს მაინც მოხდა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ვექტორი ევროპისკენ არის, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნება.

გარდა ამისა, მე მაშფოთებ ის, რომ თურქეთსა და მის სპეცსამსახურებს ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე იმაზე მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე ეს შეიძლება, ორ ქვეყანას ქონდეს. ეს ძალიან სერიოზულად შესასწავლი საგანია. მე მეჩვენება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში თურქეთს ყავს ძალიან სერიოზული ლობისტები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩაბუქის საქმე ბოლომდე გაათრიონ. პრობლემა მარტო ჩაბუქში არაა. მის უკან კიდევ დგას, დაახლოებით 10 ეული ადამიანი, რომლებიც თურქეთის მხრიდან არიან ეჭვმიტანილები. თუ ჩაბუქის ექსტრადიცია მოხდა, ეს იქნება პრეცენდენტი და თურქეთი კიდევ მოითხოვს რამდენიმე ადამიანის გადაცემას. ეს უკვე იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის დასასრული”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

ჩაბუქი სააპელაციო სასაამრთლომ 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....