ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბრისას საპენსიო სისტემაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულო იყოს. ეკატერინე მიქაბაძეს განმარტებით, ამ მხრივ კანონპროექტში ცვლილება არ არის დაგეგმილი.
“40 წლამდე დასაქმებულები იქნებიან სისტემაში სავალდებულო ჩართულობით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი, მოხდეს თანხების აკუმულირება და მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული პენსია” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, რომ კანონის ამოქმედების ზუსტი თარიღი პარლამენტში კანონპროექტის მეორე-მესამე მოსმენისთვის გახდება ცნობილი.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.