ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: ყველა საფუძველი არსებობს, რომ სასამართლომ ჩაბუქის საექსტრადაციო პროცედურებზე უარი თქვას

“მეტრონომი”: სასამართლოდან

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხანში განახლდება. როგორც მისი ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე აცხადებს, დღეს მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც წარდგენილი იქნა დაცვის მხარის მიერ.

”პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ოფიციალურ ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს. რომელიც ადასტურებს თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების კუთხით. რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

ყველა საფუძველი არსებობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრას საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადირების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ის კატეგორიული წინააღმდეგია ამ პირის ექსტრადირების.

გარდა ამისა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროპარლამენტარების ვიზიტს ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს, რომლებიც ამ პირის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ”- აღნიშნა კვიჟინაძემ.

პროცესს ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო საპატიმრო ვადა 24 თებერვალს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....