გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. P.S.-ს ნომერ პირველ ტერორისტად, ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია ციხისთავის მტკიცებით შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს.
ციხისთავი, 2000-იან წლებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების მოწმე და ბევრი კრიმინალური საქმის უშუალო შემსრულებელია, მის სახელს უკავშირდება, ესპანელი ბიზნესმენების, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცება თუ მკვლელობაა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს ის ვიდეომასალაც, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მითქმა-მოთქმის საბაბს წარმოადგენდა.
გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლეს. მას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. 26 წლის ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, ქყვეყანას საპროტესტო ტალღამ გადაუარა.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები, გიორგი სანაიას მკვლელობის აშკარა პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებდა, მთავრობამ გრიგოლ ხურცილავას წყალობით საქმისთვის ვექტორის შეცვლა მოახერხა და სამივე ინსტანციის სასამართლომაც მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.
2013 წელს გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და გრიგოლ ხურცილავა ახლა თავისუფალია. გრიცკოს თავისუფლებას საფრთხე სავარაუდოდ ისევ დაემუქრება, ახლა ვითარება შესაძლოა კოტე ციხისთავის ჩვენებამ შეცვალოს.
„ეგ გრიცკო ვინც აიღო თავის თავზე, ჩვენი საქმეების მომცემი იყო ხოლმე. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და იქიდან გვაწვდიდა გადაადგილებებს ამ უცხოელებისა და სხვადასხვა… პანკისის ბანდას რა. მაშინაც მორიგე იყო ის ორი ესპანელი რომ მოვიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა,“-აცხადებს ციხისთავი.
წყარო: “რუსთავი 2”.