სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალებზე საუბრობს.
კერესელიძს თქმით საქმე ეხება მეზობლის მიერ მანქანის არასწორ პარკირებას, რასაც მოჰყვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი.
“2015 წლის მარტში ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა შემთხვევა. ჩემი მეზობლის სიძემ არაერთხელ მოახდინა პარკირება არასწორად. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მესამე შენიშვნის შემდეგ მოგვივიდა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. ამ კონფლიქტის დროს არც ქონებრივი და არც ფიზიკური ზიანი არ მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. შემდეგ წავიდა და ამ ადამიანმა იჩივლა. მე მინდოდა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებიდა, ამიტომ ეს პროცესი მინდინარეობს. საქმე ეხება მუქარას, ჩემმა მეზობელმა დაწერა, რომ ვემუქრებოდი. მე რომ მეჩივლა, ალბათ, მეც ასევე დავწერდი, რომ მემუქრებოდა. ეს მუხლი ითვალისწინებს 500- ლარიან ჯარიმას. მე გამგებლად 2 თვის წინ დავინიშნე. არავითარი რამდენიმე მუხლით გამოძიება არ მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ ამ ადამიანმა სასამართლოს და ჩემს იურისტებს წარუდგინა წერილი, რომ მას ჩემთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. პროცესი მიდის, ერთმანეთთან პრეტენზია აღარ გაგვაჩნია და ეს ნოტარიულად დადასტურებულად არსებობს, უბრალოდ, ახლა ველოდებით, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კერესელიძემ.
დავით კერესელიძის თქმით საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს და 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, რაც შეეხება ხაბეიშვილის განცხადებას გამგებლისთვის გაუგებერია თუ რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა.
“რაც შეეხება ჩემს დანიშვნას და საკრებულოში გაკეთებულ განცხადებებს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად დავინიშნე, პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს საქმიანობას, მე კანონი არ დამირღვევია. რატომ მოხდა ახლა ამ თემის წამოწევა არ მესმის. არ ვიცი რატომ საუბრობს ეს ახალგაზრდა ლევან ხაბეიშვილი. გამგებლობამდე საქველმოქმედო აქციები მაქვს ჩატარებული, არ სიამოვნებს ალბათ, ეს ყველაფერი. მეტი მე არაფერი დამიშავებია“, – აღნიშნა კერესელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობას მოუწოდა თანამდებობიდან გაათავისუფლოს კორუფციის მიმართულებით ნასამართლევი პირები და გამგებელი, რომელზეც მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”