ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ სკრაში, სადაც ჭაში წყალი გაცხელდა, გეოლოგები იმყოფებიან

სოფელ სკრაში, სადაც მახარაშვილების საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე ჭაში წყალი გაცხელდა, გეოლოგები იმყოფებიან.

მახარაშვილებმა ჭიდან წყალი სრულად ამოტუმბეს, თუმცა ჭამ შევსება ისევ დაიწყო და წყალი გაცხელდა, მახარაშვილი აცხადებს, რომ ჭაში არანაირი ელექტრომოწყობილობა დამონტაჟებული არ არის.

“მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა, რომ ჭაში სასმელი წყლის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია, გადავწყვიტეთ, ჭა დაგვეცალა, წყალი სრულად ამოვტუმბეთ, ახლა კვლავ დაიწყო შევსება, წყლის დონე უკვე 1 მეტრს აჭარბებს და ტემპერატურაც ისევ იმატებს, ამ წუთებში, წყალი + 22 გრადუსია. არანაირი წყლის საქაჩი ძრავი ან სხვა ელექტრომოწყობილობა ჭაში დამონტაჟებული არ არის, ვერაფრით ვხვდებით, რა ხდება. ახლა გეოლოგები ჩამოვიდნენ და იმედი მაქვს, რომ რამე გაირკვევა”, – აცხადებს კახა მახარაშვილი.

გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ომარ გოგრიჭიანმა განაცხადა, რომ სოფელ სკრაში, გეოლოგიური გარემოს მიხედვით ბუნებრივი ცხელი წყლები არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.

„ადგილზე ვსწავლობთ ვითარებას, დაკვირვებას ვახდენთ წყლის ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე, ამჟამად +22 გრადუსია. სოფელ სკრაში ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემო ისეთი გახლავთ, რომ ბუნებრივი ცხელი წყლები წესით არ უნდა იყოს, ამიტომ, შესწავლა მიმდინარეობს და დასკვნების გაკეთებასაც მოგვიანებით შევძლებთ“, – განაცხადა გოგრიჭიანმა.

ცნობისთვის, სოფელ სკრაში ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი +38 გრადუსამდე გაცხელდა.

იტვირთბა....