პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ორი მეზობელი, დღეს დუისის პოლიციაში დაკითხეს. ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, ორმა მეზობელმა სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაადასტურა.
„სულ ხუთი მეზობლის დაკითხვა იგეგმება, აქედან ორი დაიკითხა. მალე დამატებით კიდევ სამი მეზობელი მოწმის სახით დაიკითხება, თუმცა ისინი ჯერ საქართველოში არ არიან. ორმა მეზობელმა სპეცოპერაციის ღამით ორ სპეცრაზმელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, ფაქტობრივად, დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეცოპერაციის ღამით ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა შეცდომა დაუშვა და მეორე ითხოვდა, რომ მას იარაღისთვის ხელი გაეშვა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.