ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ბექა ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა შემდეგ კი ტრაილერს

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის განხილვაზე, საქმეში არსებული ბოლო ვიდეო ჩანაწერი განიხილეს, რომელშიც დევნის ოპერაციაა აღბეჭდილი.

დაცვის მხარის თქმით, ტრაილერის ადგილმდებარეობა მიანიშნებს იმაზე, რომ გზა გადაკეტილი არ იყო, ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა შემდეგ კი ტრაილერს.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პატრულის თანამშრომლები კანონის და არსებული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 20 თებერვალს ჩაინიშნა, რომელზეც მოწმეებს დაკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამივე პირი სასამართლოდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მათ პოლიციელის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

17 მაისს, გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

 

 

იტვირთბა....