ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა მხოლოდ იმისთვის, რომ მოზარდი დააშინო, არასერიოზულია”

ბოლო პერიოდში 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მათი ძარცვის ძირითად ობიექტებს, მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები წარმოადგენენ. ამ ყველაფერს კი  სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, წელს მხოლოდ თბილისში 50-მდე მსგავსი შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვნები იპარავენ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში და სხვაგან, რაც ზოგჯერ დღის საათებში ხდება.

თუმცა კანონის მიხედვით, 14 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება. რაშია გამოსავალი და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “მეტრონომის” კითხვებს საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ადვოკატი გოჩა სვანიძე პასუხობს.

„მეტრონომი“: ბოლო  დროს ხშირია იმაზე საუბარი, რომ არასრულწლოვნებს შორის  კრიმინალმა იმატა. როგორ ფიქრობთ  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა იქნება თუ არა გამოსავალი?

გოჩა სვანიძე: მარტოოდენ ერთი, რომელიმე ღონისძიების გატარება, თუ ეს არ არის გააზრებული და დასაბუთებული, არ არის გამოსავალი არასრულწლოვანთა შორის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისას. პირველ რიგში საჭიროა კრიმინალის მიზეზების კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას შერჩეული ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად გასატარებელი მეთოდები. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა მხოლოდ იმისთვის, რომ დააშინო არასრულწლოვანი მოზარდი არასერიოზულია.

-2005 წელს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე ასაკობრივი ზღვარი 12 წელზე ჩამოვიდა, მაგრამ ამას სიტუაციის არსებითი გაუმჯობესება არ მოუტანია. გამოსავალი რაშია?

-როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გამოსავალი კოპლექსურ მიდგომაშია: ჯერ გამომწვევი მიზეზების კვლევა, შემდგომ პრევენციული ღონისძიებების სისტემის შემუშავება.

-ფიქრობთ თუ არა, რომ არასრულწლოვნებთან მუშაობასთან დაკავშირებით, სისტემურად  ყველა სფეროში ჩავარდნა გვაქვს?

-ვფიქრობ არასრულწლოვნებსა და მათ პრობლემებს არაჯეროვანი ყურადღება ეთმობათ, ან მათთან მომუშავე პირებს აშკარად აკლიათ პროფესიონალიზმი. ამის თქმის უფლებას მაძლევს არსებული სტატისტიკა.

-პრევენციის კუთხით, სამართალდამცავებსა და საგანმანათლებლო სისტემას შორის ფიქრობთ თუ არა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია უნდა არსებობდეს?

-რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის კომუნიკაციის ხარისხს საგანმანათლებო სისტემასთან განსაზღვრავს კანონმდებლობა. თუ არ არის ნორმატიული რეგულაცია ამ საკითხში, მარტოოდენ კეთილი ნებით პრობლემას ვერ შევეჭიდებით.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების მუშაკისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კომუნიკაცია ამ საკითხში, თუ არ შეესაბამება საჯარო სამსახურის მოთხოვნებს და ატარებს კერძო ინიციატივის სახეს, ვერ იქნება ეფექტური.

უფრო მეტიც, შესაძლოა პირიქით, ნეგატიური შედეგების მომტანი იყოს. ნორმატიულმა რეგულაციამ  უნდა განსაზღვროს თუ რა სახის კომუნიკაცია იქნება ეფექტური ამ სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ მივიღოთ 1. სწორი სტატისტიკური სურათი, 2. გაკეთდეს სწორი ანალიზი და 3. შემუშავებულ იქნას სწორი და ეფექტური პრევენციული ღონისძებები.

-უნდა მოხდეს თუ არა გაანალიზება რა სახის დანაშაულმა იმატა?

-აუცილებლად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

-თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზები, რამაც შეიძლება არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგოს?

-ეს საკითხი უნდა იქნას გამოკვლეული. მიზეზები ალბათ მრავალია: სოციალური გარემო, ოჯახი, ინდივიდუალური  (ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური) თვისებები.

იტვირთბა....