სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა საკრებულოს ყოფილმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა შეაფასა. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება არ დაიწყება. მისი თქმით, გამორიცხულია, თბილისის მერი კახი კალაძე ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წავიდეს, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი.
აუდიტის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიამ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემოს გამო მერიამ ფინანსურად იზარალა.
ელისაშვილის განცხადებით, თბილისის ყოფილ მერთან ერთად, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ნარმანიასაც, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელსაც, ვინც გამოაცხადა ეს კონკურსი, ყველას გაამწკრივებდნენ პროკურატურის მეშვეობით ციხეში, ამის გამოც მათ შორის, და კიდევ სხვა რამეების გამო. ჩვენთან რა მოხდება, დასკვნა გამოქვეყნდა, ამოვიოხრებთ, ვიტყვით სად ვცხოვრობთ და მშვიდად და უსინდისოდ განაგრძობენ ცხოვრებას, როგორც კორუფციის მფარველი ნარმანია და ასევე, ბოტასების ქურდი და აგერ უკვე ჩვენი მიწების მიმთვისებელი ფარცხალაძე,“ – განაცხადა ელისაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა. ანგარიშს მიხედვით, კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო.აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ მერიამ ამით შემოსავალი დაკარგა.