აკა სინჯიკაშვილის განცხადებით, ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე ჯერ არაფერი გარკვეულა. სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებით არის დაკავებული, კამპანიის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაიწყება, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი:
“ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ. არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი. სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს”- წერს აკა სინჯიკაშვილი.
სარჩელი აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი და კომპანია RedNose-ს სახელით შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ თავად თეონა ბაღდავაძემაც შეიტანა.