დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მანდატურის სამსახურის თანამშრომელი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი და ხორავას ქუჩაზე მდებარე ოფისში მომუშავე თვითმხილველი გამოკითხეს.
დაცვის მხარის თქმით, ახალი ჩვენებები საქმეში არსებულ ახალ გარემოებებს უსვამს ხაზს, თუმცა სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებებით, 2 არასრულწლოვნის ბრალეულობის საკითხი დასტურდება.
სასამართლო პროცესი 21 თებერვალს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.