პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
“იყო კრიტიკა განმეორებით მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე სანქციების რაოდენობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და სანქციების რაოდენობა განსხვავებულია. ისინი დაყოფილია დღგ-ს გადამხდელთა რაოდენობით. სანქცირების მექანიზმი მიბმული იქნება დღგ-ს რაოდენობაზე. კრიტიკა იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები იყო დაბალი, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ვერსიასთან შედარებით ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება სასამართლო ნებართვის გარეშე ინსპექტირებას, თამილა ბარკალაია ამბობს, რომ იქნება გეგმიური ინსპექტირების შემთხვევა, ასევე განმეორებითი მონიტორინგი და იქნება შემთხვევებიც, როცა შეტყობინება გარკვეული ორგანიზაციიდან შევა და ამ შემთხვევაშიც განხორციელდება ინსპექტირება.
მისი თქმით, ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.