ახალი ამბები

სასკოლო-საატესტატო გამოცდების ფორმატი შეიცვალა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ.

ტესტირების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ეკრანზე დაინახავენ არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახეს თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

„ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევაჯერეთ მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ასეთ შემთხვევაში, გამოცდაზე მოსწავლე როცა დაასრულებს მუშაობას კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ ტესტზე, ის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი და მას კონკრეტული ქულა არ დაეწერება. ხშირად ისმის კითხვა, რას ამოწმებს კომპიუტერზე ადაპტირებული სისტემა? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ზომავს კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას. თუ მოსწავლემ ვერ მოახერხა მინიმალური ბარიერის გადალახვა, რაშიც იგულისხმება ის, რომ კონკრეტულ საგანში მინიმალურის მინიმალურ კომპეტენციას მაინც ვერ ფლობს, ეს ბუნებრივია არის ნიშანი იმისა, რომ ეს მოსწავლე უბრალოდ არ არის ატესტატის მიღების ღირსი“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელებს ოთხ საგანში – ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში, ხოლო მე-12 კლასელებს კი მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და ისტორიაში ჩაუტარდებათ.

იტვირთბა....