საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ერთ შემთხვევაში, კომპანიის დირექტორმა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და 10,3 ათასი ლარის ოდენობის თანხა მიითვისა.
მეორე შემთხვევაში კი დირექტორმა, რომლის კომპანიაც ქვემო ქართლში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილები გამოიყენა და 26 ათას ლარს დაეუფლა.
ასევე, სამართალდამცველებმა დააკავეს სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობისას ევალებოდა ზედამხედველობა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.