თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა.
მერის თქმით, რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევს და ვისაც მუშაობა მოუნდება, იმუშავებს.
“ტაქსების რეგულაციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რეგისტრაცია, იმისთვის რომ ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია დღეს დედაქალაქში. დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტაქსი დადის დედაქალაქში, შესაბამისად, მათი დარეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა როგორც ეს ხდება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ბითაძე ამბობს, რომ მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა საკმაოდ იაფი ეღირება.