პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის “ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ არც რომელიმე აქ მყოფს გაუგია ძალიან ბევრი”.
ის გამოეხმაურა მუხთარლის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისი გატაცება პრემიერ-მინისტრის ნებართვით მოხდა. ვოლსკი ამბობს, რომ მუხთარლის აზრით, რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადება, მეტ ყურადღებას მიიქცევს:
“არ ვიცი, როგორ უპასუხებს მთავრობა და გამოძიება ამ საკითხს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში წაყენებული ბრალდებების ფონზე და ამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს სჭირდება, როგორც თვითონ გეგმავს, საერთაშორისო ყურადღება. რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადება, ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს. რასაკვირველია, არც პრემიერი, არც ყოფილი პრემიერი ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს. მუხთარლი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, საკმაოდ კომფორტულად და არანაირი პრობლემა მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ შექმნია, თუმცა არც ამ ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ გაუგია ძალიან ბევრი რომელიმე აქ მყოფს”,- განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხთარლისთან სატელეფონო ინტერვიუს TV “პირველი” ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხთარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.