თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, აფგან მუხთარლის ბრალდებებს საქართველოს პრემიერის მისამართით პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს. მისი აზრით, ბრალდებები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარია. კალაძე ამბობს, რომ ამაზე სერიოზული საუბარიც კი უხერხულია.
„აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, ამიტომ ამაზე მე მგონი, სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, კალაძის თქმით, გამოძიება ერთი საკითხია და ის ბრალდებები, რომელიც გაისმა, მეორე საკითხი.
“დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს შუალედური დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია, ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისიდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. მუხთარლისთან სატელეფონო ინტერვიუს “ტევე პირველი” ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხთარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.