ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოზარ სუბარი აფგან მუხტარლის განცხადებებს გამოეხმაურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სოზარ სუბარი აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის ტყუილში ადანაშაულებს, იმას თუ როგორ მოხვდა მუხტარლი საზღვარზე, სუბარი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რასაც გამოძიება დაადგენს.

„როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, მას შეიძლება ბევრი რამ აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებაზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება, რომელიც მან გააკეთა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც ცნობილია, მუხტარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა, ჟურნალისტმა ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხტარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.

იტვირთბა....