ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
ჯანელიძის განმარტებით, საქართველოს არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები, თუმცა აუცილებელია თითოეული მოქალაქის ინფორმირება,თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში.
„აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომლითაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში და ასევე თავშესაფრის არაკანონიერი მოთხოვნები. ამით ისინი ფინანსურ ზიანსაც იღებენ და ასევე სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული მსგავსი ქმედებები. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში, ასევე ვიმუშავებთ შიდა მექანიზმებზე, რათა არ მოხდეს მთელი რიგი დარღვევები,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ხელისუფლება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას ითხოვს. ამაზე კომენტარი გერმანული რადიო WDR-ს ეთერში რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.