აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელში წერს, რომ მუხტარლი ციხეში მოულოდნელად შეაბრუნეს.
მუსტაფაევა მეუღლის ციხეში შებრუნებას მუხტარლის მიერ, აზერბაიჯანული და ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებს უკავშირებს.
როგორც ცნობილია, მუხტარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა, ჟურნალისტმა ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან გასცა ბრძანება მისი გატაცების შესახებ, ასევე მუხტარლი საქართველოს საბაჟო ხელმძღვანელს და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის კრიმინალურ პოლიციასაც ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.