ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა ნაცვლიშვილი: „დღეს არათუ ადამიანების სოციალურ უფლებებს, არამედ მათ სიცოცხლეს ექმნება ყოველღიურად საფრთხე“

ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“, ჟვანიას ქუჩაზე მუშის გადაცვალების ფაქტს ეხმაურებიან. ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნით, მთავრობისა და უმრავლესობაში შემავალი ყველა საპარლამენტო ფრაქციის დღის წესრიგის მთავარ საკითხად დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შემუშავება.

,,თუ პროცესის გაჭიანურების მიზეზი არის კერძო სექტორის მოთხოვნა, მიიღოს მოგების ხელშეუხებლობის გარანტია შრომის ინსპექციის არსებობის პირობებში, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ამგვარი ტიპის ინტერესებს არ ეწირებოდეს ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, რადგან იმ პირობებში, სადაც საზოგადოების ვიწრო ჯგუფი მუდმივად ითხოვს საკუთარ ფინანსურ ხელშეუხებლობას – საზოგადოების ფართო ჯგუფების შევიწროებისა და სიცოცხლის ხარჯზე, შეუძლებელია ვისაუბროთ განვითარებაზე, დასაქმებასა და პასუხისმგებლიან სახელმწიფოზე.

„მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, მშრომელებისთვის ღირსეული დასაქმების პირობების უზრუნველყოფა. ამის მიზეზი უკვე თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებული მანკიერი ცნობიერების ინერციაა, რომ თითქოს დამსაქმებელია მხოლოდ ქვეყნის დოვლათის შემქმნელი, ხოლო დასაქმებული უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს, გატყდეს, აღარ გჭირდებოდეს და მოისროლო ან გამოცვალო.

დღეს არათუ ადამიანების სოციალურ უფლებებს, არამედ მათ სიცოცხლეს ექმნება ყოველღიურად საფრთხე.

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ არცერთი კომპანიის მოგება და არანაირი თანხა ამგვარი მოგებიდან შესული ბიუჯეტში არ ღირს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი ფრაქციაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს იწვევს, რათა მოისმინონ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო და რის გამოც გაჭიანურდა პროცესი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნინო ჟვანიას 10 ნომერში, მშენებარე კორპუსის აივნიდან  26 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

იტვირთბა....