შესაძლო გარიგება მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტენდერში – ამის შესახებ განცხადებას არსამთავრობო ორგანიზაცია IDFI ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოების ტენდერებში შპს „ყვარელრემმშენის“ მონაწილეობის ანალიზი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მეტრო ახმეტელის შემთხვევაში ორ კომპანიას შორის, შესაძლოა შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქვეკონტრაქტირების საშუალებით, მოხდა ტენდერის ფასის ხელოვნური ზრდა და სისტემის მიღმა კონტრაქტის განაწილება.
“იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე კომპანიები თანხმდებიან ხელშეკრულებების განაწილებაზე, სატენდერო წინადადებების ფასებზე ან ერთმანეთის ხელშეკრულებების შესრულებაზე სისტემის გვერდის ავლით, ვიღებთ მოჩვენებით კონკურენციას, უხარისხო მომსახურებას და სახელმწიფო რესურსების არა ეფექტიან გამოყენებას.
სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ შპს „ყვარელრემმშენი“ მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის გარდა, ასევე მონაწილეობდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც (ტენდერის # SPA160025375). შესყიდვა გამოცხადდა მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირით ადრე. ამ ტენდერში ყვარელრემმშენს ჰყავდა ერთი კონკურენტი – შპს „დამბა“ (ს/კ 404384625). აღნიშნული ტენდერის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ შპს „დამბამ“ და შპს „ყვარელრემმშენმა“ ხელოვნურად გაზარდეს წინადადების ფასი და შემდგომ გაინაწილეს თანხა.
არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც პოტენციურ გარიგებაზე მიუთითებს:
შპს „ყვარლემმშენმა“ სატენდერო წინადადების საწყის ფასად დააფიქსირა 447,728 ლარი, ხოლო შპს „დამბამ“ 523,215 ლარი. თავად ტენდერის სავარაუდო ღირებულება (ანუ ღირებულება, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ) იყო 559,659 ლარი. ელექტრონული ტენდერისას მონაწილეთა შორის იმართება ვაჭრობა რევერსული აუქციონის პრინციპით, ანუ ტენდერის მონაწილეები რიგ-რიგობით ამცირებენ საკუთარ სატენდერო წინადადებას (ჯამში თითო მონაწილე 3-ჯერ). თუმცა, მონაწილე კომპანიებმა არცერთ რაუნდში არ შეცვალეს საკუთარი წინადადებები და დასჯერდნენ პირველად დაფიქსირებულ თანხას (იხ. სურათი # 1).”