ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში 5 თვის განმავლობაში მყოფი 18 წლის ხატია თვაურის ბებია აცხადებს, რომ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი შეჭრის მიზეზი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობაა, რომელიც ამ დრომდე არაფერს ეუბნება ოჯახს.
მისი თქმით, მათ საავადმყოფოს დირექტორთან და ადმინისტრაციის წევრებთან გასაუბრება და 18 წლის გოგოს მდგომარეობის მიზეზის დადგენა სურდათ, თუმცა როდესაც ისინი შენობაში შევიდნენ, ყველა პასუხისმგებელი პირი დაიმალა.
“დაცვის თანამშრომლები გაუფრთხილდნენ თავიანთ ადმინისტრაციას, რომ არ გვენახა დირექტორიდან დაწყებული ყველა, ვინც დამნაშავეა ხატიას ამბავში. შემდეგ იძულებული გავხდით, რომ ხელით შევხებოდით კარს. ოჯახის წევრები ავედით და დაიმალა ყველა. პასუხებს ვითხოვთ, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. არ გვეჩვენებიან. ბავშვი განადგურებულია. კომაშია, წევს, თვალებგახელილი, გაშტერებული.
მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას ბავშვის ყურადღებას. დავავალოთ კლინიკას მოიყვანონ პროფესორები, საიდანაც უნდათ, ბავშვი აჩვენონ და ყველანაირი კონტროლის ქვეშ, ბავშვი ფეხზე დაგვიყენონ.
დედა აცხადებს, რომ მეც აღარ მინდა სიცოცხლეო. გამოაცხადა, რომ თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. დღეს ხატიას დაბადების დღეა. ბავშვები მოვიდნენ მასთან.
ჩვენი ტკივილი არავინ გაიზიარა. ვითხოვთ სამართალს. დაგვიდექით გვერდში, იქნებ ერთად შევძლოთ ხატიას გადარჩენა. თუ მას ვერ გადავარჩენთ, სხვას გადავურჩინოთ შვილები”- ამბობს ხატია თვაურის ბებია ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში 18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ახლობლები ხატია თვაურის ოჯახის ექიმის ნახვას და მისი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს. დაზიანება მიიღო საავადმყოფოს დაცვის წევრმაც.
კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ხატია თვაურმა 5 თვის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.