მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, მედიკამენტებს 1 ლარად ან შეღავათიან ფასად იღებენ. თუმცა ეს ჩამონათვალი გაიზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 წელი უსრულდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები და პირველ ადგილზე ამ გამოწვევებიდან უდაოდ დგას მიწვდომადობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. იმ კერძო-სახელმწიფო თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, ასევე შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდებას, ცალსახად დაგვანახა ერთი მხრივ, საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, იმ რესურსის არსებობა, რომელიც არის როგორც ფასდაკლების მხრივ, ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის განმტკიცების მხრივ. დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები და ნამდვილად მჯერა, რომ ამ მხრივ შედეგები გექნება ძალიან მალე”, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუკი აქამდე მბულტორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ისეთი პირები იყვნენ, ვისაც 100 000 ქულაზე ნაკლები ჰქონდა და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა შეიცვალოს და ამ სიას დაემატოს ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტები.
სერგეენკოს განცხადებით, მოცემული მოდიკამენტების რაოდენობა 23-დან 50-მდე უნდა გაიზარდოს.
“რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათ უნდა შეძლონ მინიმუმ დღევანდელი საბაზრო ფასის ნახევრად შეძენა მედიკამენტების ამ 40-45 ჩამონათვალის”, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმდა, რომ მათ შორის შეხვედრა 2 კვირის შემდეგ მოხდება და ამ თემასთან დაკავშირებით მონახაზებს გაცვლიან.
“წინასწარი შეფასებით, ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის მნიშვნელოვანი გაფართოება”, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ადამიანები გარკვეულ მედიკამენტებს 1 ლარად ან შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ.