თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ბაქოშია დაკავებული, ორი დღით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის მისი დაღუპული ნათესავების, დისა და დისშვილის 40-ს ესწრება.
მასთან ერთად გადაღებული ფოტო facebook-ზე გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილმა გამოაქვეყნა.
40 დღის წინ, დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც გადარჩა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში დააკავეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.