თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის დღესასწაულს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თსუ-ს. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი. უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, ეს არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების ჯავახიშვილის და კორნელი კეკელიძის გარეშე. მე შევესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათალიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ მეორე და ის იყო მოწაფე კორნელი კეკელიძის. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და გარდაცვალებულს ვემთხვიეთ ხელზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ უნივერსიტეტის 100 წლისთავს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება”, – განაცხადა უწმინდესმა.